თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სლოვენიაში თავისი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გახსნა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საპატიო კონსული ანდრეი მალგაი გახდა. დავით ზალკალიანმა მას ეს დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სლოვენიის სატრანსპორტო ცენტრში საკონსულოს გახსნა.
მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, ასევე აღნიშნა საპატიო საკონსულოს როლი სავაჭრო, საინვესტიციო და ეროვნებათშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში.
ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნით კიდევ უფრო განმტკიცდება ქართულ-სლოვენიური ურთიერთობები. მან ანდრეი მალგაის წარმატებები უსურვა.
საკონსულოს გახსნაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.
მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები სლოვენიის უმაღლეს თანამდებობის პირებთან.
საქართველოსა და სლოვენიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დამყარდა.