თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე მისი გათავისუფლების სამართლებრივ მხარეებს განიხილავს და ასეთი მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალებაა, განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკოსის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს გამოაცხადა შიმშილობა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას არც ახლა და არც არასდროს.
„ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, მან მოვლენებს დაასწრო და დაიჭირა თავიდან ისეთი პოზა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა", – განაცხადა ბასილაიამ.
ადვოკატმა აქვე აღნიშნა, რომ არის პრეცედენტი, როდესაც პოლიტიკურ საქმეებზე, მიუხედავად მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებისა, პრეზიდენტმა მიიღო პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების გადაწყვეტილება.
მიხეილ სააკაშვილზე დიდი ფიგურა, რომელიც პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფილა, საქართველოს ისტორიაში არ არსებობს, დასძინა ადვოკატმა.
უფრო ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამაც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს სააკაშვილი. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ლიდერები ამის გამო შიშობენ და ამიტომ დაზღვევის მიზნით ისინი ექს-პრეზიდენტისთვის ახალი ბრალდებების წაყენებას აპირებენ.
ექს-პრეზიდენტი ციხეში ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზეა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით მან ციხეში ექვსი წელი უნდა გაატაროს.
გარდა ამისა, სააკაშვილი ფიგურანტია 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მიტინგის დარბევის, ტელეკომპანია "იმედის" დარბევისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის საქმეებში. ამ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.