თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნათქვამია პოლიტიკოსის წერილში, რომელიც მისმა მეგობარმა ქალმა, უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ წაიკითხა.
სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც მე-15 დღეა შიმშილობს.
„რეჟიმი გააკეთებს ყველაფერს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
გუშინ პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. სხვადასხვა შეფასებით, აქციაზე 30-დან 50 ათასამდე ადამიანი მივიდა.
საკუთარ წერილში სააკაშვილმა მომხრეებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობა შეახსენა, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის – თბილისში.
მან ემიგრანტებსაც მოუწოდა არჩევნებისთვის სამშობლოში დაბრუნების და კენჭისყრაში მონაწილეობისკენ, რაც ოპოზიციის გამარჯვებას უზრუნველყოფს.
სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.