რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძრის შედეგად დაღუპულების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. რუსთავის N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოს ცეცხლი გუშინ, შუადღის საათებში გაუჩნდა.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
აღნიშნული პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე გაჩნდა. ხანძარს 6 სახანძრო ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანა აქრობდა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება საღამოს მოახერხეს.
გარდაცვლილი ადამიანების ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ დრომდე უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ხანძარი რუსთავის ციხეში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
როგორც გუშინ პენიტენციურ დაწესებულებაში განმარტეს, N17 დაწესებულება სხვა პენიტენციური დაწესებულებებისგან მოშორებით მდებარეობს და სხვა შენობებს საფრთხე არ ემუქრებოდა.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.