დადგინდა თევზის ჭერის კვოტები შავ ზღვაში

კვოტები საქართველოში ევროკავშირის სტანდარტებისა და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. დადგინდა შავ ზღვაში 2021-2022 წლების სეზონზე თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 85 ათასი ტონით განისაზღვრა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
2020-2021 წლებში კვოტა 109 ათას ტონას შეადგენდა.
თევზის ჭერის აქტიური სეზონი ოქტომბერში იწყება და, შესაბამისად, კვოტები ოქტომბრიდან შემდეგი წლის ოქტომბრამდე დგინდება. როგორც გასულ წელს, წელსაც კვოტები ევროკავშირის სტანდარტებისა და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა.
საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება შეამცირეს
„სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კვლევების წარმოებისას გათვალისწინებული იყო როგორც ზღვის ეკოსისტემა და ეკოლოგიური მდგომარეობა, ისე მეწარმე სუბიექტების ინტერესები", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარაგების დეტალური შეფასება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის სტაბილურ განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას.