თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის მიმალვას ცდილობდა.
რაც შეეხება 13 წლის გოგონას, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილზე ძალადობდა და სისტემატურად აუპატიურებდა.
პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 137-ე, 138-ე, 139-ე და141-ე მუხლების 6 ქვეპუნქტით წაუყენა, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან და ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა ასეთი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.