საქართველო რეგიონში მოწინავე ეკოტურისტული ქვეყანა გახდება

ეკოტურიზმი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. 2030 წლისთვის საქართველო რეგიონში მოწინავე ეკოტურისტული ქვეყანა უნდა გახდეს.
ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს კონკურენტუნარიანი ეკოტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შექმნას, ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
თურნავას თქმით, ქვეყანას მდიდარი კულტურისა და ბუნების, აგრეთვე მაღალი ხარისხის მომსახურების წყალობით შეუძლია უზრუნველყოს ოთხივე სეზონის ეკოტურისტული შეთავაზებები.

„ეკოტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან იყოს ჰარმონიული განვითარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავამტკიცეთ ეკოტურიზმის ხელშემწყობი ცალკე კომპონენტი, რომელიც მოიცავს არა მარტო სესხის პროცენტის სუბსიდირებას და თანაგარანტირებას, არამედ გრანტების გამოყოფას, და ეს იქნება ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელზეც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა პოსტკოვიდ პერიოდში“, – აღნიშნა თურნავამ.

დოკუმენტით განისაზღვრა ეკოტურიზმის მნიშვნელობა და მწვანე ეკონომიკის განვითარება.
სტრატეგიის ფარგლებში გაიწერა 2021-2023 წლების მიზნები და ქმედებები, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვა უწყებებთან ერთად განახორციელებს.
შიდა ტურიზმი და საქართველო: „საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს
მაგალითად, სატყეოს ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გეგმების (საიჯარო ობიექტების) მომზადება, ბილიკების მოწყობა, გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული პარკების ვიზიტორთათვის სასაზღვრო სანებართვო რეგულაციების მოწესრიგება და სხვ.
საქართველოს მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ეკოტურიზმი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.
ეკოტურიზმის განვითარების ათწლიანი სტრატეგია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA) და ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA), ასევე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ჩართულობით მოამზადა.