თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა არქივმა სვეტიცხოვლის ტაძარს დღესასწული განსხვავებულად მიულოცა – საკუთარ ვებ-გვერდზე საკათედრო ტაძარს სპეციალური მულტიმედიური გვერდი მიუძღვნა.
დღეს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება. ტრადიციულად, დღესასწაულის ეპიცენტრი უძველესი ქალაქი მცხეთა და სვეტიცხოვლის ტაძარია.
მულტიმედიურ გვერდზე შესაძლებელია ეროვნულ სიწმინდეზე უნიკალური ისტორიული ვიდეო- და ფოტომასალების, ასევე იშვიათი დოკუმენტების, წერილების, ხელნაწერების და სხვა საარქივო მასალების გაცნობა.
„საქართველოს ეროვნული არქივი გეგმავს უახლოეს მომავალში ექსპედიციას სვეტიცხოველში, რის შემდეგაც აქამდე არსებული მდიდარი საარქივო დოკუმენტები შეივსება ახალი ვიზუალური მასალებით“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სვეტიცხოვლის ისტორია
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში IV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. მსგავსი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებში მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
IV საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.
V საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.
სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.
სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.
14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.