თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი რეგიონებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მონიტორინგს ახორციელებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან გიორგი სურმანიძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
„დასავლეთ საქართველოში მავნებელთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა ამ პერიოდში, როცა მავნებელი უკვე გამოსაზამთრებლად ემზადება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მწერის საწინააღმდეგოდ აპრობირებული მექანიკური მეთოდების გამოყენება“, – განაცხადა ჩეკურიშვილმა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.
წელს აჭარაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 6,779 ათასი ჰექტარი მიწა დამუშავდა. გარემოზე პესტიციდების დატვირთვის შემცირების მიზნით და წინა წლებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების ტექნოლოგიის გამოყენებაზე. სადგურები ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ განთავსდა. სულ დამონტაჟდა 2.900 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 520 ფერომონი.
სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული. თუმცა, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.