რუსთავის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების სამზარეულოში, რომელიც მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან დაშორებულია, ხანძარი დღეს, შუადღისას გაჩნდა.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.