ძიუდო: ლაშა ბექაური პირველია – რა ცვლილებები მოხდა მსოფლიო რეიტინგში

განახლებულ რეიტინგში ასევე მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ის წევრები, რომლებმაც იტალიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე მედლები აიღეს.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რეიტინგი განაახლა, სადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ბექაურის ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე - საინტერესო ფაქტები>>
განახლებული რეიტინგის მიხედვით, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურს 6.130 ქულა დაუგროვდა, ხოლო მეორე ადგილზე გადაინაცვლა ქართული წარმომავლობის ესპანელმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, რომელსაც 5.654 ქულა აქვს. ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სხვა ქართველი ძიუდოისტების შედეგები კი ასე გამოიყურება:
ბექა ღვინიაშვილი - 11 (3.120)
ლუკა მაისურაძე - 38 (990)
ავთანდილ ჭრიკიშვილი - 59 (485)
უშანგი მარგიანი - 80 (260).
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგში პირველად გამოჩნდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები გიორგი სარდალიშვილი და შაქრო შათირიშვილი. აღსანიშნავია, რომ სარდალიშვილმა იტალიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო შაქრო შათირიშვილი მეშვიდე ადგილს დასჯერდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგში ყველაზე მაღლა თემურ ნოზაძეა, რომელიც მე-17 ადგილზეა. სხვა ქართველი ძიუდოისტები კი სიაში ასე გადანაწილდნენ.
ლუხუმ ჩხვიმიანი - 20 (1.878)
გიორგი სარდალიშვილი - 47 (700)
ჯაბა პაპინაშვილი - 76 (320)
შაქრო შათირიშვილი - 96 (182)
უნდა აღინიშნოს, რომ ამ წონაში პირველ ადგილს რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძე იკავებს 4.841 ქულით.
მცირედით დაწინაურდა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც 4.530 ქულით მეორე პოზიციაზეა. ქართველი ძიუდოისტი მხოლოდ სამხრეთკორეელ ბაულ ანს (5.603) ჩამორჩება. აღნიშნულ წონით კატეგორიაში პირველ ასეულში ქართველთაგან მხოლოდ ბაგრატ ნინიაშვილია, რომელსაც 1.458 ქულა დაუგროვდა და 28-ე ადგილი უკავია.
პირველი ოქრო: მთავრობის პირველი პირები ლაშა ბექაურს ოლიმპიადაზე გამარჯვებას ულოცავენ
ლიდერობა შეინარჩუნა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა. ის 5.175 ქულით პირველ ადგილზეა. შავდათუაშვილთან ერთად მოწინავე ასეულში კიდევ სამი ქართველი სპორტსმენის გვარია:
ნუგზარ ტატალაშვილი - 32 (1.240)
ალეკო მამიაშვილი - 57 (580)
ფრიდონ გიგანი - 92 (250).
საქართველოს წარმომადგენელი ლიდერობს 81 კილოგრამ წონით კატეგორიასაც. ტატო გრიგალაშვილი 6.667 ქულით პირველ ადგილს არავის უთმობს. მას კვალში უდგას ბელგიელი მატიას კასე (5.910). ამავე წონაში საყურადღებოა გიორგი შერაზადიშვილის დიდი პროგრესი, რომელიც რეიტინგში 174 ადგილით დაწინაურდა და 720 ქულით 48-ე ადგილზე გადავიდა. საქართველოს ნაკრებს ასეულში კიდევ ორი წარმომადგენელი ჰყავს:
ლუკა მაისურაძე - 32 (1.405)
ვლადიმერ ახალკაცი - 72 (430).
რაც შეეხება 100 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ საუკეთესო ათეულში კარიერაში პირველად შეაღწია ილია სულამანიძემ, რომელმაც იტალიაში ოქროს მედალი მოიპოვა. სულამანიძე ხუთი ადგილით დაწინაურდა და 3.439 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი კი 4.962 ქულით კვლავ მესამე პოზიციაზე რჩება. საუკეთესო ას სპორტსმენში კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი ფიგურირებს:
ონისე სანებლიძე - 35 (985)
გიორგი ჩიქოვანი - 78 (290)
მიხეილ ჯაფარიძე - 96 (182).
მძიმე წონაში საუკეთესო ათეულში ორი ქართველი ძიუდოისტია. გელა ზაალიშვილმა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკს გაასწრო და 3.794 ქულით მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. შრომა დაუფასდა ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტ საბა ინანეიშვილსაც, რომელმაც ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და რეიტინგში 12 პოზიციით დაწინაურდა. ინანეიშვილი ახლა 1.266 ქულით 31-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება სხვა ქართველ მძიმეწონოსნებს, მათი მდგომარეობა ასეთია:
გურამ თუშიშვილი - 9 (3.178)
ლევან მატიაშვილი - 32 (1.248)
ირაკლი დემეტრაშვილი - 56 (350)
ადამ ოქრუაშვილი - 88 (160).
რეიტინგში განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა ქართველი ქალი ძიუდოისტებისთვის. ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაშია 3.374 ქულით სიაში კვლავ მეცხრე ადგილს იკავებს. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) 1.373 ქულით 28-ე პოზიციაზეა, მარიამ ჭანტურია (70 კგ) 550 ქულით 43-ეა, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78) 54 ქულით 96-ე ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ 16-17 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ტრადიციულ გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრებში ვაჟა მარგველაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გამოვლენ.