თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციაზე 700 ათასზე მეტ ლარს გამოყოფს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, თბილისის მერია პარკის საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით განახორციელებს.
„ვერის პარკში არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე“, – აღნიშნა კალაძემ.
ვერის პარკი – თბილისის ერთ-ერთი უძველესი პარკია, რომელიც ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავასა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ბაღის ფართობი დაახლოებით 4 ჰექტარია. ბაღის სპორტულ კომპლექსში შედის სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ოთხი საჩოგბურთო მოედანი, მცირე დარბაზი მოკრივეთა რინგით, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი და ქალაქის პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი.