თბილისის თანამედროვე ბალეტი ორთაჭალის ყოფილ ციხეში სპექტაკლს გამართავს

სპექტაკლის სიუჟეტი მოგვითხრობს სხვადასხვა ასაკის 12 ქალის პაემანზე წარმოსახვით პატიმრებთან.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტი 13 და 14 ოქტომბერს ყოფილი ორთაჭალის ციხის ტერიტორიაზე ახალი მულტიმედიური პროექტის „12 პაემანი“ პრემიერას წარმოადგენს.
ალტერნატიული არტ-სივრცის N12 ეზოში, ადრე კი ორთაჭალის N12 გამოსასწორებელი დაწესებულების ტერიტორიაზე დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და მისი მოცეკვავეები წარმოადგენენ სპექტაკლს, რომელშიც თანამედროვე ქორეოგრაფია შერწყმულია ელექტრონულ მუსიკასთან, საუნდ-დიზაინთან, ვიდეოპროექციასა და განათებასთან.
სპექტაკლის სიუჟეტი მოგვითხრობს სხვადასხვა ასაკის 12 ქალის პაემანზე წარმოსახვით პატიმრებთან. მაყურებელი, როგორც ერთგვარი მონაწილე, სცენის ირგვლივ განთავსდება, ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
საავტორო მუსიკის და საუნდ-დიზაინის ავტორები არიან ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე. ნიკა მაჩაიძე ასევე ვიდეოს ავტორია, ხოლო ოპერატორი კახა ბუხრაშვილია.
სპექტაკლში სხვადასხვა თაობის 12 მსახიობი მონაწილეობს.
სპექტაკლის იდეამ გაიმარჯვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს კონკურსში „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.