იტალიაში ავიაფორუმზე საქართველო აეროპორტების გაერთიანებამ წარადგინა

საქართველომ ფორუმზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით პრეზენტაციები გამართა.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ ავიაფორუმში WORLD ROUTES 2021, რომელიც მილანში 10-12 ოქტომბერს ჩატარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
რიგით 26-ე ყოველწლიურ საავიაციო ფორუმში მსოფლიოს 300-ზე მეტი აეროპორტის, ავიაკომპანიის, საავიაციო სფეროსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ათენსა და თბილისს შორის რეგულარული რეისები განახლდება
საქართველოს დელეგაციას აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, მსგავსი ფორუმები შესაძლებელს ხდის გლობალურ საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარდგენა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსოფლიო საავიაციო ფორუმში უკვე მეცხრე წელია მონაწილეობს.

„2020 წელი ავიაციის სექტორისთვის საკმაოდ რთული წელი იყო. კოვიდ-პანდემიის გამო არ გამართულა არც ერთი საავიაციო ფორუმი. WORLD ROUTES 2021 ავიატორებისთვის პანდემიის პირობებში პირველი მასშტაბური პლატფორმა იყო, სადაც შესაძლებლობა გვქონდა პირისპირ განგვეხილა ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და სიახლეები", – განაცხადა არჩუაძემ.

საქართველომ ფორუმზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით პრეზენტაციები გამართა.
„ძალიან ბევრ ავიაკომპანიას შევხვდით. ჩემს გუნდთან ერთად შევეცადეთ ჩვენი აეროპორტებით დაგვეინტერესებინა არსებული და მომავალი პარტნიორები. პოტენციურ პარტნიორებს ცალკე პროექტად შევთავაზეთ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, რათა კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი აეროპორტის პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ", – განაცხადა არჩუაძემ.
სამდღიან ფორუმზე მონაწილეებმა იმსჯელეს საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე, აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.