თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის დროს საქართველოს ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის მცდელობის შესახებ საქმეზე გამოიკითხოს, განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
საქმის გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ამ საქმეზე დაკავებულია ორი ჩინოვნიკი, რომლებმაც, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937-1938 წლების რუკების არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.
პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით არ გამორიცხა სხვა პირების დაკავებაც. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბრალდება შეიძლება წარედგინოს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც.
„მთავარი აქცენტი ამ გამოძიების არის ის, რომ დავალების გამცემი პირის მიმართულებით ხორციელდება აქტიური მოქმედებები. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე, რომ აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შემხებლობა აქვს ამ საქმესთან და ეს შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი", – თქვა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
მოსამართლის შეცვლის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს თავიდან დაიწყო საქმის არსებითი განხილვა. დალი მეტრეველის ნაცვლად, რომელიც პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოეთიშა, საქმეს მოსამართლე ნინო ნაჭყებია განიხილავს.
საქმეზე მორიგი სხდომა 27 ოქტომბერს გაიმართება, რომლის დროსაც ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.
საქმის დეტალები
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.
ამჟამად ბრალდებულები მელაშვილი და ილიჩოვა გირაოთი არიან გათავისუფლებული და მათ ქვეყნის დატოვება აქვთ აკრძალული.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.