თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ექიმების ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდება და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.
აღნიშნული ინიციატივით გუშინ იუსტიციის სამინისტრო გამოვიდა. ადვოკატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-13 დღეა შიმშილობს, ყოველდღიურად მძიმდება, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმების სპეციალური ჯგუფი დააკვირდება. მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალებს ჩვენ ჯგუფის ფორმატში გავეცნობით. ახლა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იგი შიმშილობს და, რა თქმა უნდა, შიმშილობას ჯანმრთელობისთვის თავისი ნეგატიური შედეგები აქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტმა თავად შეიქმნა ასეთი პირობები, მისი ჯანმრთელობა ძალზე მნიშვნელოვანია, აღნიშნა მან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და ეს არ იყოს სპეკულაციის საკითხი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ამასთან, სააკაშვილის ადვოკატებმა უკვე განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი წინააღმდეგი არაა, რომ მის ჯანმრთელობას ექიმები დააკვირდნენ.
„მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი არ არის. ჩაერთონ ეს ექიმები. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმის ვიზიტი. სპეკულაციები რომ თავიდან ავირიდოთ, იგი სხვა ექიმებზეც თანახმაა. არავინ არაფერს მალავს“, – განაცხადა მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, დღეს შედგა პირველი შეხვედრა ფართო პროფილის ექიმებთან, მათ შორის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით.
„საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის ჩარჩოების დაცვით. დღეს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწვდით", – აღნიშნა გაბუნიამ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, იმავე დღეს მან რუსთავის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.