თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. კიევი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევში დაბრუნების ალგორითმს განსაზღვრავს და ეს შეიძლება იყოს არა მარტო ექსტრადიცია, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ.
სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი პირადად დაკავდება სააკაშვილის კიევში დაბრუნების საკითხით.
„ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კავშირს ვინარჩუნებთ, კონსულს, ადვოკატებს მასთან წვდომა აქვთ, რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ჩვენ მისი პოზიცია გავარკვიეთ. ჩვენ ასევე ვიცით ადვოკატების პოზიცია. ახლა ვსწავლობთ ამ საქმის იურიდიულ მომენტებს და საუკეთესო ალგორითმს ვარჩევთ, რომელსაც ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ“, – განაცხადა კულებამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, როგორც კი კიევი გაარკვევს, თუ რა გზით მიაღწევს უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებას, საგარეო უწყება ამის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ჩვენ კი ჩვენს მოქალაქეებს საზღვრებს გარეთ გასაჭირში არ ვტოვებთ. ამიტომაც, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კონკრეტულად რომელი მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ და ეს შეიძლება იყოს არა მარტო ექსტრადიცია, ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა კულებამ.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.