თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად საქართველოს სკოლებში დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, რეგულაციების არსებული პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და ცვლილებებს არ საჭიროებს.
„ერთადერთი მოთხოვნაა – სკოლებში დადგენილი რეგულაციების მკაცრი დაცვა მოხდეს. აღნიშნული პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება", – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, გაბუნიას განმარტებით, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია არსებული კოვიდ-რეგულაციების დაცვა და ბავშვებთან მომუშავე პერსონალის ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის გაკონტროლება.
„სამწუხაროდ, ბოლო დროს რამდენიმე საბავშვო ბაღი დაიხურა... სკოლები ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ", – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თბილისში 4 ოქტომბრიდან კორონავირუსის გავრცელების გამო 12 დღით დაიკეტა 55 საბავშვო ბაღი. დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი.
რთული ეპიდვითარება შეიმჩნევა ბოლო დღეებში კახეთის რეგიონში. კორონავირუსის გავრცელების გამო შვიდი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, დაიხურა 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი, აქედან თელავში – 11 კლასი და 15 საბავშვო ბაღი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, კახეთში ვაქცინაციის მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო.
რთული ვითარებაა სხვა რეგიონებშიც.