თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში ჩატარდა.
სამართალდამცველებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში დაკავებული მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის АКС მოდელის ავტომატი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მეორე ბრალდებული ბათუმში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვასა და ტარებას გულისხმობს.