თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ გაიგზავნება. ფილმი „ოსკარზე“ საქართველოდან „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის“ ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის, კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„ძალიან მიხარია. ეს არის ბევრი ადამიანის მრავალწლიანი ერთობლივი შრომის შედეგი. ეს ჩვენ შორის არანაირად არ ნიშნავს შეჯიბრს. პანდემიის პირობებში ქართულმა კინემატოგრაფიამ მოახერხა წარმატებული ფილმების გადაღება. იმედი მაქვს, რომ ნდობას გავამართლებთ და „ოსკარის“ კამპანიაში ღირსეულად წარვდგებით“, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა.
ლევან კოღუაშვილის ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია. ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხია“. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელი კი საქველმოქმედო ფონდი „ქართუა“.
აღსანიშნავია, რომ ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ უკვე ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდოს მფლობელია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი.
კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკული კინოპრემია „ოსკარისთვის“ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების შერჩევა 1 სექტემბერს გამოაცხადა. საქართველოდან კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე; „პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია; „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.