მთები, პოლიტიკა და პანდემია: რაზე ისაუბრეს საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტებმა ვენაში

საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას ბევრი რამ საერთო აქვს
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრიას და საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობები, განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა ვენაში სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ზურაბიშვილი ავსტრიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაბსბურგების საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, შემდეგ ალექსანდერ ბან დერ ბელენმა და სალომე ზურაბიშვილმა ჯერ პირისპირ შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში.

„ავსტრიას და საქართველოს უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს. პირველ რიგში ესაა მთები, როგორც ტიროლელი ვიტყვი ამას. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურიზმის მდგრადი განვითარება. მთელი ევროკავშირი ამ მიმართულებით მიდის და საქართველოც ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა იქნება ავსტრიისთვის ეკონომიკური განვითარების სფეროში სათანამშრომლოდ“, - განაცხადა ვან დერ ბელენმა.

როგორც ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორი ქვეყნის ურთიერთობები კორონავირუსის პანდემიის დროსაც გრძელდებოდა და ავსტრია იყო ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს უსასყიდლოდ ვაქცინები გადასცა.
„ჩვენი ურთიერთობები ფორმალურ დონეზე გაგრძელდება. საქართველოში ავსტრიის საელჩო უფრო მაღალ სტატუსს მიიღებს და მას ექნება ამიერიდან სრული საკონსულო სპეციფიკა. საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობები კარგი, მაგრამ განვითარებადია“, - აღნიშნა ვან დერ ბელენმა.
მისი თქმით, 2020 წლის პანდემიის შემდეგ საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდა დაიწყო და 2021 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ აჩვენა 12%-იანი ზრდა. როგორც ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ავსტრიული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით ენერგიის განახლებადი წყაროების, ტურიზმის და ინფრასტრუქტურის სფეროს თვალსაზრისით.
სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტი დაიწყო
ვან დერ ბელენის ინფორმაციით, ზურაბიშვილის ვიზიტის ფარგლებში დღეს ვენაში ეკონომიკის სამინისტროების ორმხრივი სხდომა გაიმართება
„სახელმწიფოებრივ დონეზე, საქართველოს და ავსტრიას საუნივერსიტეტო, რეგიონული და ლოკალურ დონეზე თანამშრომლობა აკავშირებს. ამ სფეროებშიც ჩვენ გვექნება წინსვლა და განვითარება“, - აღნიშნა ავსტრიის პრეზიდენტმა.
ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, აღნიშნა ვან დერ ბელენმა.

„როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ დღეებში გაკეთდა განცხადება და გაფორმდა მემორანდუმი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის. გარდა ამისა, მომავალ წელს გვექნება ინსბრუკსა და თბილისს შორის 40 წლის პარტნიორობის ზეიმი, დაძმობილებული ქალაქების ზეიმი. კულტურულადაც ძალიან ბევრ რაღაცას ვიძენთ საქართველოსთან თანამშრომლობით“, - აღნიშნა ავსტრიის პრეზიდენტმა.

ვან დერ ბელენი ასევე შეეხო საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურს. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები ძირითადად კარგად ჩატარდა, მიუხედავად პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობისა.
„ქალბატონ პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც მინდა, მივულოცო. ის ცდილობს და ძალიან რთული ამოცანა აქვს მას ამ პოლარიზაციის შესუსტების და შუამავლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიელ კოლეგას თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„სწორედ სიმბოლური არის, რომ მაინც შედგა ეს ვიზიტი, შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში. მაგრამ აქ აღმოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს სწორედ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინარჩუნოს სტაბილურობა. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია არ არის, მაგრამ ამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარი ძალა, რომელიც დეპოლარიზაციისკენ და სტაბილურობისთვის იბრძვის და ეს არის ჩვენი ალბათ საერთო მოვალეობა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
არჩევნები 2021
საქართველოს ახალი პოლიტიკური რუკა: რა აჩვენა არჩევნებმა
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა აღნიშნა.
„ვართ შედარებით პატარა ქვეყნები, მთიანი და ძალიან საინტერესო ქვეყნები. საერთო ასევე გვაქვს ის, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ერთი მხრივ ტურიზმზე, მეორე მხრივ ეკონომიკურ წინსვლაზე ტექნოლოგიებით, ენერგეტიკით და ამ ორივე დარგში ვხედავთ, რომ ავსტრიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა იყო, არის და გრძელდება, ვითარდება ძალიან ბევრი მიმართულებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში ბევრი ავსტრიული კომპანია მუშაობს და ჩვენ მზად ვართ ამ თანამშრომლობის უფრო მეტი განვითარებისთვის, აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ავსტრიელი კოლეგა მოიწვია საქართველოში, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
„მე მინდა, რომ შემოგთავაზოთ, რადგანაც მომავალი წელი იქნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი, აღვნიშნოთ ეს თარიღი იმით, რომ მინდა,​ მოგიწვიოთ საქართველოში, გაჩვენოთ სხვადსხვა კულტურული ღონისძიებები. ამ დროს შეიძლება, ჩავატაროთ ავსტრიის კულტურის დღეები... ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის საშუალება იმისთვის, რომ გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს.
ავსტ5რიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმს გახსნის. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ასევე ავსტრიის პრეზიდენტი. გაიმართება ავსტრიული და ქართული კომპანიების პრეზენტაცია.
გარდა ამისა, დაგეგმილია ზურაბიშვილის შეხვედრა ეუთოს (OSCE) გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდტთან, შემდეგ კი ისინი ქალ ელჩებთან ერთად დაათვალიერებენ გამოფენას „ქალები მშვიდობისთვის“, რომელიც ეძღვნება ავსტრიელ მწერალსა და საერთაშორისო პაციფისტური მოძრაობის აქტივისტ ბერტა ფონ ზუტნერს.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 13 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველომ და ავსტრიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დაამყარეს.