თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე ოთხ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ვ.ო.-ს ბრალი წარედგინა, იუწყება გენერალური პროკურატურა.
ბრალდებულთა ასაკი 17-დან 28 წლამდე მერყეობს. მათ შორის სამი პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ოთხმა ბრალდებულმა კენედის გაძარცვა გადაწყვიტეს და რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, მის მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტომას კენედი მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო ვ.ო.-სთვის, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
ოთხ ბრალდებულს ბრალი წარედგინა სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარებაში მყოფისა, ჯგუფურად), ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვ.ო.-ს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.