ადვოკატები: სააკაშვილს ციხიდან დარეკვის უფლება ჩამოართვეს

პროკურატურის განცხადებით, შეიძლება სააკაშვილი ბრალდების მხარის მოწმეებს დაუკავშირდეს და მათზე ზეწოლა განახორციელოს.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება ჩამორთმეული აქვს, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.
ადვოკატის თქმით, გუშინ მათ გააცნეს პროკურატურის დადგენილება სატელეფონო ზარების უფლების შეზღუდვის შესახებ.

„დოკუმენტში, რომელიც სააკაშვილს დარეკვას უკრძალავს, სინამდვილეში არაფერი წერია. გამოიყენება მხოლოდ აბსტრაქტული ფრაზა, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა მოწმეებზე ზეწოლა განახორციელოს, რაც აბსურდია. სინამდვილეში ხელისუფლებას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულ იზოლაციაში იყოს", – განაცხადა საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.

პოლიტიკოსის მეორე ადვოკატი ბექა ბასილაია პროკურატურის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.
„ამ ადამიანის წინააღმდეგ უკვე რვა წელია სასამართლო დავა მიდის, იგი თავისუფლებაზე იყო, უკრაინაში ეკავა მაღალი თანამდებობა. მას ვინმესთან დაკავშირება რომ სდომებოდა, ამას მანამდე გააკეთებდა. ვინმემ გაიგო იმის შესახებ, რომ მიშა გამოძიების დროს ბრალდების მოწმეებს დაუკავშირდა? ეს აბსურდია", – განაცხადა ბასილაიამ.
სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს. სააკაშვილთან საპატიმროში თითქმის ყოველდღე შედიან ადვოკატები, ასევე მისი თანამებრძოლები და ოჯახის წევრები. გუშინ მესამე პრეზიდენტი დედამ გიული ალასანიამ და შვილებმა - ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილებმა მოინახულეს. რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი მოინახულა მისმა მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ, რომელიც კიევიდან თბილისში სპეციალურად ჩამოფრინდა.