თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. პედაგოგები, 60 წელს გადაცილებული და სხვა რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.
კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ეს რისკ-ჯგუფებია: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
ასევე სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პირებად განისაზღვრნენ: სამედიცინო პერსონალი, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი. საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და ამ პროცესის პირველი ეტაპის სამიზნედ განისაზღვრნენ დიალიზზე მყოფი პირები, ორსულები და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის პერსონალი.
გრიპის ვაქცინით აცრა დაშვებულია COVID-19-ის ვაქცინაციასთან ერთად ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა ზედა კიდურზე – მხრის ზედა ნაწილში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი იყოს 14 დღე.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.