თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ამჟამად მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველო–კოსოვოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ გუნდის ლიდერებს - ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი ჩაკვეტაძეს მიმართავს.
თავის Facebook-გვერდზე არველაძემ განათავსა კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის ფოტო წარწერით „რთული პერიოდია და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. უნდა შეძლოთ!“
გიორგი ჩაკვეტაძე
© courtesy of Georgian Football Federation / FB
საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს პრიშტინაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ჩაატარებს. ამ შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ხუთი მატჩი აქვს წაგებული – სამი ოფიციალური და ორი ამხანაგური. ამ მატჩებში ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ ორი ბურთი გაიტანა.
ორი დღის წინ საქართველოს ნაკრებმა ბათუმში საბერძნეთის გუნდს უმასპინძლა და 0:2 წააგო.
შესარჩევი ციკლის ექვსი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულა აქვს (გასვლითი თამაში საბერძნეთთან 1:1) და В ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებში 15 წელი თამაშობდა. იგი საუკეთესო თავდამსხმელია ნაკრების ისტორიაში. მას 60 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი.