„სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ - გამოფენა თბილისში გაგრძელდება

უნიკალური ექსპოზიცია დამთვალიერებელს ანტიკური ქალაქ პომპეის ისტორიას მოუთხრობს
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადმოინაცვლებს. ექსპოზიციის მონახულება ოთხშაბათიდან, 13 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
„სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ - არის გამოფენა, რომელიც საქართველოში პირველად მოგვითხრობს ანტიკური ქალაქ პომპეის ისტორიას.
„მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ. წ. I საუკუნეში. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები“, - აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კედლის მხატვრობის ნიმუშები, სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშები.
თბილისის მწერალთა სახლი ავტორებს სარეზიდენციო პროექტში ეპატიჟება
„სიმბოლურია, რომ პომპეის არქეოლოგიური აღმოჩენები საქართველოში პირველად ვანის განახლებულ მუზეუმში იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, ანტიკური სამყაროს ისტორიას გასცნობოდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი ექსპონატების მაგალითზე“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
გამოფენა ორგანიზებულია იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან თანამშრომლობით. საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით თბილისის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელმა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის გამოფენა იხილა. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ გამოფენებს საერთო ჯამში 250 ათასი დამთვალიერებელი ესტუმრა, რაც უპრეცედენტო წარმატებაა.