თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დღეიდან 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება.
ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩაერთვებიან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები. ჯანდაცვის უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ მოზარდების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს პანდემიის დასრულებას.
„ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაცია რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ ამ ასაკობრივ ჯგუფში ფართო ვაქცინაცია დაიწყო, ჩვენ პირველ ეტაპზე ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციაზე შევჩერდით", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მშობლების სურვილის მიხედვით მოხდება.
საქართველოში ამ ეტაპზე 16 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ით ხორციელდება. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება Sinopharm-ს, Sinovac-სა და Pfizer-ს შორის შეუძლიათ. AstraZeneca-ს პრეპარატი ხელმისაწვდომია მხოლოდ 45 წელს ზემოთ პირებისთვის.