თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მასთან ციხეში დღეს არ შეუშვეს.
ყიფშიძე დაახლოებით ორი საათი ელოდა რუსთავის ციხეში შესვლის ნებართვას, მაგრამ მას პაემანზე უარი უთხრეს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ნახვა. ასევე აუცილებლად მინდოდა ექიმის ნახვაც. განმარტება მივიღე, რომ ჩემს საშვს გაუვიდა ვადა და ამიტომ უნდა დავწერო ახალი განცხადება, მერე მას განიხილავენ და გადაწყვეტენ, მომცენ თუ არა ახალი საშვი. ვერ გეტყვით, რა დრო სჭირდება ამას“, – განუცხადა ყიფშიძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„მის ექიმთან უნდა მელაპარაკა მდგომარეობის შესახებ. უნდა განგვეხილა ასევე გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვუმკურნალოთ. არც ამბულატორიული კვლევის შედეგი ვიცი“, – განაცხადა ყიფშიძემ.
კვირას, საღამოს ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმის თქმით, სააკაშვილს უკვე უჭირს საუბარი და გადაადგილება. გარდა ამისა, მას სისხლის დაავადება - თალასემია აქვს, რომლის შესახებ ინფორმაცია ადრე მედიაში არ გავრცელებულა.
ორშაბათს, დილით სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მასთან შეუთანხმებლად ვრცელდება.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.