თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ვაჟები - ედუარდი და ნიკოლოზი იმყოფებიან. მათთან ერთად შევიდა სააკაშვილის დედაც - გიული ალასანია.
სააკაშვილის შვილები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ რუსთავის ციხესთან. როგორც ედუარდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა ყველაზე მთავარი მამის ჯანმრთელობაა.
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და ის უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. ციხეში ის გუშინ მოინახულა მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, განაცხადა, თავის მხრივ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.