თბილისს დიდი როლი აკისრია: ღარიბაშვილი საქართველო–სომხეთი–აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მედიაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის აუცილებელია ახალი რეგიონული პლატფორმის შექმნა, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთში ვიზიტის შეჯამებისას.
მთავრობის მეთაურმა ვიზიტი სომხეთში წარმატებულად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მედიაციის პროცესში.

„სომხეთში მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივაა, დავიწყოთ რეგიონში თანამშრომლობა და ახალი პლატფორმა შეიქმნას, რომლის ფარგლებში ჩვენ, სამი ქვეყანა დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას და ამ პროცესში საქართველოს, ჩვენ გვაკისრია დიდი როლი“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

ღარიბაშვილის თქმით, მედიაციის წარმატებული პრეცედენტი გვქონდა ივნისში, როდესაც საქართველოს შუამდგომლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა სომეხი ტყვეები, ხოლო აზერბაიჯანმა ერევნისგან დანაღმული ველების რუკები მიიღო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მომავალშიც აქტიურად შეასრულებს შუამავლის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
თბილისი მზადაა, ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკების პლატფორმად იქცეს
ივნისის შუა რიცხვებში ქართული მხარის დახმარებით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა დანაღმული ველების რუსების სანაცვლოდ.
მთავრობის მეთაური ამ პროცესში პირადად ეკონტაქტებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.