რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს: ღარიბაშვილმა სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიცია გამორიცხა

Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის შესაძლებლობა გამორიცხა.
საქართველოში არალეგალურად შემოსული მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის საპატიმროშია მოთავსებული. უკრაინის ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ექს-პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა და ყველაფერს გააკეთებენ მის დასახმარებლად.

„გამორიცხულია, ასი პროცენტით გიდასტურებთ, რომ, ჯერ ერთი, არავინ არ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და სულ მცირე ექვსი წლის მოხდის მერე შეუძლია წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილს ციხეში ექვსი წლის გატარება მოუწევს.
„დღეის მდგომარეობით სააკაშვილს ექვსი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რატომ დაბრუნდა სააკაშვილი სამშობლოში? – ღარიბაშვილის ღია წერილი
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.