პრემიერი: სააკაშვილმა ციხეში ნახევარი კილოგრამი თაფლი შეჭამა

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ცირკი და შოუ უწოდა.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მოშიმშილე ადამიანი ნახევარ კილოგრამ თაფლს არ ჭამს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს-პრეზიდენტმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა.
კვირას, საღამოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმის თქმით, სააკაშვილს უკვე უჭირს საუბარი და გადაადგილება. გარდა ამისა, მას სისხლის დაავადება - თალასემია აქვს.
„როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ... მან პირადად იყიდა თავისი საკრედიტო ბარათით 7 ქილა თაფლი და მიიღო ნახევარი კილოგრამი თაფლი. აქედან გამომდინარე, შეეშვით ამ ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პროფესიონალი ექიმები ყოველდღიურად აკვირდებიან და აკონტროლებენ და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„30 ოქტომბრამდე ცოცხლად მივაღწევ": სააკაშვილის მორიგი მიმართვა
„ეს ცირკი და შოუ, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – მეორე ტურამდე რაღაც ფორმით ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად. და ეს სააკაშვილის პირადი დავალებაა, რამდენადაც მათ („ნაცმოძრაობამ") იციან, რომ არჩევნების მეორე ტურში მარცხდებიან", – განაცხადა პრემიერმა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.