ოპოზიციის ნაწილი 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობა" პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში ხუთშაბათს მასშტაბურ აქციას გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე სამი დღით ადრე მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
14 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაში მონაწილეობა ყველა ოპოზიციურ პარტიას შესთავაზა, ამასთან პარტიის მომხრეებს მოუწოდა, არ გაბრაზდნენ იმ პირებზე, რომლებიც აქციაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
სააკაშვილის მომხრეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს
როგორც Sputnik–საქართველოს პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ოფისში განუცხადეს, პარტია აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„კონსულტაციების შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება – ამ ეტაპზე არ შევუერთდეთ აქციას", – განაცხადეს „ლელოს" პრეს-სამსახუში.
„ლელოს" პოზიცია გაიზიარა კიდევ ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ – „მოქალაქეებმა" და „გირჩმა".
ლევან იოსელიანის თქმით, „მოქალაქეები" "ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებულ არც ერთ საპროტესტო აქციას არ შეუერთდებიან.
„პარტია „მოქალაქეები" მონაწილეობას არ მიიღებს არც ერთ მიტინგში, რომელიც ორგანიზებული იქნება „ნაცმოძრაობის" და მისი მომხრე პარტიების მიერ. ეს არის კონკრეტული პარტიის მიტინგი საკუთარი ლიდერის მხარდასაჭერად. მათ უფლება აქვთ გამართონ იგი", – განაცხადა იოსელიანმა.
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
„გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის სანდრო რაქვიაშვილის თქმით, მისთვის საერთოდ გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმა.
„მე მზად ვარ ვიბრძოლო უკეთესი სასამართლოსთვის და რეფორმებისთვის, რომელიც ასეთ პრობლემას მოაგვარებს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე საუბარი საერთოდ არ მიდის და ამიტომ არ ვუერთდებით", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს". პარლამენტის დეპუტატ პაატა მანჯგალაძის თქმით, 14 ოქტომბერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის შეკრებაზე მიიღებენ.