თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს თანამდებობებიდან გადაყენებით ემუქრება.
ასე უპასუხა ყოფილმა პრეზიდენტმა პრემიერის განცხადებას თითქოსდა მის მიერ შექმნილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების შესახებ. როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის დაპატიმრება ყველაზე მეტად „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გაუხარდა.
„სწორედ მელია და მე ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან“, – ნათქვამია სააკაშვილის მორიგ წერილში, რომელიც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო.
ოპოზიციონერები გააღიზიანა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ციხეში სააკაშვილმა, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ნახევარი კილო თაფლი შეჭამა. ხერხეულიძის თქმით, შაქრის ნაცვლად თაფლის გამოყენება სააკაშვილს ექიმმა ურჩია. სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესებულია.
„მან შეიძინა ხუთი ცალი 50 მგ-იანი თაფლი, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამით სპეკულირებენ და შეიძლება ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მაქვს და ოთხი ცალი აქტზე ხელის მოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ასე რომ, ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება. ხუთი ქილიდან ოთხი დააბრუნა“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
მისი სიტყვებით, სააკაშვილთან დღევანდელი შეხვედრა დაეთმო არჩევნებს. იგი ნაკლებად საუბრობს თავის ჯანმრთელობაზე, რათა დრო არ დაკარგოს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.