თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მანამდე დაიწყო, ვიდრე დააკავებდნენ, განაცხადა პოლიტიკოსის დედამ გიული ალასანიამ.
ექს-პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, ორშაბათს დედამ გიული ალასანიამ და შვილებმა - ედუარდმა და ნიკოლოზმა მოინახულეს.
„რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ. ვიცი, რომ ადამიანი შიმშილობს 15 დღეა. როგორც ირკვევა, მას საკანში მოხვედრამდეც არაფერი უჭამია. სიმართლე გითხრათ, ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, თუმცა ის ვნახე და, რა თქმა უნდა, ძველებურად ვერ გამოიყურება... მასთან ბავშვებთან ერთად შევედი. ამიტომ ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ არის ყოჩაღად", – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან.
კვირას, საღამოს ექს-პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმის თქმით, სააკაშვილს უკვე უჭირს საუბარი და გადაადგილება. გარდა ამისა, მას სისხლის დაავადება - თალასემია აქვს.
„მე, ნიკუშა და გიული მოვედით, რომ მამაჩვენი გვენახა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა ამის საშუალება მეათე დღეს. დიდი ხანი ველოდით. ჩვენი, როგორც ოჯახის პრიორიტეტია უბრალოდ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი. აქვე მადლობას გადავუხდით ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს", – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
გასულ კვირაში ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, შიმშილობის მერვე დღეს სააკაშვილს 12 კგ-ზე მეტი ჰქონდა დაკლებული. ამასთან, როგორც სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ განმარტა, ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.