თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბიტკოინის ფასმა 12 მაისის შემდეგ პირველად გადააჭარბა 57 ათას დოლარს. ამას, РИА Новости-ს ცნობით, ვაჭრობის მონაცემები ადასტურებს.
კრიპტოვალუტის ყველაზე მსხვილ სავაჭრო ბირჟა Binance-ზე ბიტკოინის ფასმა თითქმის 57,05 ათასი დოლარი შეადგინა. ბოლოს ბიტკოინის მსგავსი ფასი 12 მაისს დაფიქსირდა.
პორტალ CoinMarketCap-ის მონაცემებით კი, რომელიც კრიპტოვალუტის საშუალო ღირებულებას 20-ზე მეტი ბირჟის მონაცემების გაანალიზებით ითვლის, ბიტკოინი 2,14%-ით გაძვირდა და 56,8 ათას დოლარს მიაღწია. დინამიკა ყველგან ერთი დღე-ღამის მონაცემებს ეფუძნება.
თვის დასაწყისიდან ბიტკოინი უკვე თითქმის 30%-ით გაძვირდა (43,82 ათასი დოლარიდან). კრიპტოვალუტა ზრდას დაუბრუნდა სექტემბერში 7%-იანი კლების შემდეგ, რასაც წინ უძღოდა ივლისსა და აგვისტოში ერთბაშად თითქმის 35%-იანი გაძვირება.
2020 წლის მიწურულს ბიტკოინი 29 ათასი დოლარი ღირდა, რის შემდეგაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისმა ფასმა ორჯერ მოიმატა – 58,7 ათას დოლარამდე. აპრილში კი ისტორიული რეკორდი დაამყარა და 64,85 ათასი დოლარიც კი შეადგინა. მაისში კრიპტოვალუტის ფასი 57,7 ათასი დოლარიდან 37,3 ათას დოლარამდე, მესამედით შემცირდა.