მსოფლიო დღეს

აშშ-ის და „თალიბანის“ პირველი შეხვედრა დოჰაში: რაზე შეთანხმდნენ მხარეები

Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ფორმირებული მთავრობის წარმომადგენლებმა და აშშ-ის დელეგაციამ კატარში შეხვედრა გამართეს, რა დროსაც რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.
კატარის დედაქალაქ დოჰაში ორდღიანი შეხვედრა თალიბების მთავრობის წევრებისთვის პირველი უცხოური ვიზიტი იყო.

„აშშ-ისა და ავღანეთის ისლამური საამიროს დელეგაციებს შორის ორდღიანმა დიალოგმა წარმატებით ჩაიარა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პოლიტიკური საკითხები. ისლამური საამირო მიიჩნევს, რომ დოჰის შეთანხმების სრული შესრულება პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზაა. აშშ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ ავღანელებს და ამასთან სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსაც შეუწყობენ ხელს დახმარების მიწოდებაში“, — წერს სააგენტო РИА Новости „თალიბანის“ განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც ავღანურმა დელეგაციამ აღნიშნა, „ჰუმანიტარული დახმარება არ უნდა იყოს მიბმული პოლიტიკურ საკითხებთან“. მათი თქმით, „თალიბანი“ ითანამშრომლებს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გამჭვირვალე იყოს მათთვის, ვინც ამას იმსახურებს, და ასევე ხელს შეუწყობენ უცხოეთის მოქალაქეების გადაადგილებას.
მსოფლიო დღეს
დაბრუნდება თუ არა აშშ ავღანეთში: პენტაგონის შეფმა კომენტარი გააკეთა
გარდა ამისა, აშშ-ისა და ავღანეთის ახალი მთავრობის წევრებმა მოილაპარაკეს, რომ ყველა ძალისხმევას მიმართავენ დიპლომატიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და გადაწყვიტეს, რომ თუ საჭირო გახდება, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე უკვე შეაფასეს დოჰაში გამართული შეხვედრა.

„შეერთებული შტატები დოჰაში გამართულ ორდღიან მოლაპარაკებებს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებთან აფასებს როგორც გულწრფელსა და პროფესიონალურს“, — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, ამერიკულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „თალიბანს“ მისი ქმედებების მიხედვით შეაფასებენ და არა სიტყვებით.