თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. თუ შემდეგ კვირაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იქნება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების საგანგაშო ზრდა ფიქსირდება.
„ძალიან საგანგაშოა ეს მატება. ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ. შემდეგი კვირა იქნება გადამწყვეტი. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღის დასაწყისი შესაძლოა დაუკავშირდეს ახალი შტამების გამოჩენას, მოსახლეობაში მასობრივი იმუნიტეტის საჭირო დონის არარსებობას და რეკომენდაციების უგულებელყოფას.
საქართველოსთვის კორონავირუსის მეოთხე ტალღა ყველაზე მძიმე იყო - რამდენჯერმე გაიზარდა ინფიცირებულთა, საავადმყოფოში გადაყვანილთა და გარდაცვლილთა რიცხვი. ხშირად ახალი შტამის მსხვერპლი ორსულები და ბავშვები ხდებიან. მეოთხე ტალღის მაქსიმალური მაჩვენებელი - 6.208 შემთხვევა - 17 აგვისტოს დაფიქსირდა.