თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ცესკოს პრესმდივანმა ნათია იოსელიანმა საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
იოსელიანის თქმით, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით გადაითვალა 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, გადათვლასთან დაკავშირებული დეტალური სტატისტიკა ცესკოს ვებგვერდზე უახლოეს საათებში იქნება ხელმისაწვდომი.
გადათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ სამ საარჩევნო ოლქში - დმანისში, წყალტუბოში და მარტვილში არ ყოფილა კვორუმი და, შესაბამისად, ხმების გადათვლის პროცედურა აღნიშნული ოლქების 12 საარჩევნო უბანზე არ ჩატარებულა.
გარდა ამისა, 68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება, ასევე სადაც შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ასევე იმ უბნებზე, სადაც ბათილი ბიულეტენების და ფაქტობრივი ხმების ჯამი არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობას ხუთით აჭარბებდა.
„9 ოქტომბრამდე გადათვლილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლენილი 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები (1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემი). გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66,7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი“, - განაცხადა იოსელიანმა.
ასევე, საოლქო კომისიებმა საკუთარი ინიციატივით საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს.
„საერთო ჯამში 9 ოქტომბრამდე გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებს თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა. 9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე. ამ დროისთვის ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება 30 ოქტომბერს - არჩევნების პირველი ტურის ჩატარებიდან მეოთხე შაბათს.