თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოდან ცხრა თვეში 72,5 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, აქედან 43 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო რუსეთშია გატანილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
„2021 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა (0,75 ლ) ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 12%-ით მეტია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 11%-ით მეტია.
ღვინის სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც 43 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 7% შეადგინა.
ქვეყნების ხუთეულში, რომლებიც ქართულ ღვინოს ასევე დიდი მოცულობით ყიდულობენ, ასევე შედის უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 88% (261.538 ბოთლი), შვედეთი - 59% (96.400 ბოთლი), ჩეხეთი - 202% (112.356 ბოთლი), საფრანგეთი - 7% (56.800 ბოთლი), ყაზახეთი - 32% (2.805.598 ბოთლი), ისრაელი - 28% (304.827 ბოთლი), აზერბაიჯანი - 21% (162.527 ბოთლი), თურქეთი - 209% (93.330 ბოთლი), უკრაინა - 8% (8.609.575 ბოთლი), მონღოლეთი - 146% (362.370 ბოთლი), ბელარუსი - 12% (2.642.509 ბოთლი) და ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 397-მა კომპანიამ განახორციელა.
უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 25,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, ასევე 660 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 47,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 7%), ჭაჭის - 1,7 მლნ დოლარს (ზრდა - 84%).
მთლიანობაში 2021 წლის ცხრა თვეში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 270 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.