თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ტყის სოკო გერმანიაში ჯერ კიდევ შეიცავს რადიოაქტიური ელემენტების მომატებულ კონცენტრაციას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად, მაგრამ დაბინძურების დონე არ არის იმხელა, რომ მომხმარებლებს საფრთხე შეუქმნას, იუწყება მომხმარებელთა უფლებების დაცვის და სურსათის უსაფრთხოების ფედერალური უწყება (BVL).
უწყებამ გაანალიზა ტყის სოკოს ნიმუშები გერმანიის ყველა რეგიონიდან, რომელიც 2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში შეგროვდა. რადიოაქტიური ელემენტები 74 ნიმუშიდან 70-ში გამოვლინდა.
„უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ გერმანიაში ტყის სოკოში გვხვდება რადიოაქტიური ცეზიუმის (ცეზიუმ-137) მომატებული კონცენტრაცია 1986 წელს ჩერნობილში მომხდარი ატომური კატასტროფის გამო. სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან შედარებით, ტყის სოკო კვლავ უფრო მეტადაა დაბინძურებული. ველურ ბუნებრივ სისტემებში მკვებავი ნივთიერებების ბრუნვის გამო მოსალოდნელია, რომ მომავალში ეს რადიოაქტიურობა ძალიან ნელა შემცირდება“,- აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ გერმანიაში აკრძალულია ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომლებშიც ცეზიუმ-137-ის კონცენტრაცია აღემატება 600 ბეკერელ/კილოგრამს, მაგრამ ასეთი დონე შეგროვებული სოკოს არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. BVL–ში ასევე აღნიშნეს, რომ რადიოაქტიური ელემენტების გარდა, სოკოს შეგროვებისას შემგროვებლის კალათაში შესაძლოა მოხვდეს შხამიანი სოკო, ამიტომ დეპარტამენტი არ ურჩევს გამოუცდელ მოყვარულებს სოკოს დამოუკიდებლად შეგროვებას.