თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, სვეტიცხოვლის ტაძარში ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს, 9 ოქტომბერს 23:30 საათზე საქართველოს ერთიანობისთვისა და მშვიდობისთვის აღევლინება შეკვეთილი წირვა, შემდეგ კი ჩატარდება პანაშვიდი.
„ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების საოხად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
8 ოქტომბერს ნაშუადღევს რამდენიმე წამში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო, სადავ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ნანგრევების გროვად იქცა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.