ბათუმში სახლის ჩამონგრევა: საქართველო სამძიმრებს იღებს

დაღუპულთა ოჯახებს პირველი სამძიმარი და სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს უახლოესმა მეზობლებმა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო უამრავ სამძიმარს იღებს - მწუხარებას გამოხატავენ ევროპის ქვეყნების ელჩები, საგარეო უწყებები, ევროპარლამენტარები.
„შეძრწუნებულები ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე“, - ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს სამძიმრის წერილში, რომელიც დიპლომატიური უწყების facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ძალიან სევდიანი დღეა, რადგან საქართველო გლოვობს ტრაგიკულად დაღუპულ და მძიმედ დაზიანებულ ადამიანებს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას ამ მწუხარების ჟამს“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„მთელი ჩემი ფიქრები დამწუხრებული ბათუმისკენ არის მიმართული. საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი უერთდება საქართველოს გლოვას შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო. დაშავებულებს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და დამწუხრებულებს სიმშვიდეს. ამასთან, პატივისცემას გამოვხატავთ მაშველების გუშინდელ უწყვეტ მუშაობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„გულით ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ყველა მათგანს, ვინც დაზარალდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის შედეგად. მივესალმები მაშველების მუშაობას, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სიცოცხლის გადასარჩენად“, – ნათქვამია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, მააიკე ვან კოლდამის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ღრმად ვარ დამწუხრებული ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო. ჩემი ფიქრებით დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან ვარ. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა და სოლიდარობა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ქართველ ხალხს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, – ნათქვამია საქართველოში რუმინეთის ელჩის, რაზვან როტუნდუს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ძალიან ვწუხვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ ქართველი ერის ტკივილს“, – წერს ქართულ ენაზე ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი „ტვიტერში“.
„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გითანაგრძნობთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
დაღუპულთა ოჯახებს პირველი სამძიმარი და სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს უახლოესმა მეზობლებმა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთათვის სვეტიცხოველში პანაშვიდი გაიმართება
მანამდე სამძიმრის წერილი გაავრცელა აშშ-ის საელჩომ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ერთი დაშავებული მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.
მათ ბრალი წარედგინებათ სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი 2-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.