„ვიბრძვით თითოეული ადამიანის გადასარჩენად“: თორნიკე რიჟვაძე პოსტს აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი − Sputnik. სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ დეტალურად დადგინდება, რამ გამოიწვია ბათუმში მომხდარი შემზარავი ფაქტი, წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.
მისი თქმით, ამ დროისათვის მაშველები ყველაფერს აკეთებენ ნანგრევებში მოყოლილების გადასარჩენად.

„ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური. მას შემდეგ, რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები“, − ნათქვამია რიჟვაძის პოსტში.

ვლადიმერ მგალობლიშვილი: ნანგრევებში რამდენიმე ბავშვია მოყოლილი, აქედან ერთი ჩვილია
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.