COVID-19 - ბოლო ცნობები

სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოს „ტვინდემიას" პროგნოზირებენ

საქართველოში აცრის ტემპმა ბოლო რამდენიმე კვირაა საგრძნობლად დაიკლო, თუმცა ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოს COVID-19-ის და გრიპის „ტვინდემიას" პროგნოზირებენ, რაც კორონავირუსისა და გრიპის ეპიდემიის თანხვედრას გულისხმობს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის შემთხვევაში აუცილებელია ვაქცინაცია, რათა მათი გავრცელების პრევენცია მოხდეს.

„COVID-19-ზე გრიპის თანდართვა იქნება სერიოზული ტვირთი ჯანდაცვის სექტორისთვის. ტვინდემია ახალი ტერმინია, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო აქტიურად ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო საყურადღებო ხდება პრევენციული ზომების გატარება, რომელიც ორივესთვის თანაბრად ეფექტურია", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის კლებაა – აცრილთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.853.296 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 996.687 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 856.609 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 30,0%. 7 ოქტომბერს აიცრა 8.331 ადამიანი.