5 ოქტომბერს ეთერში გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“ გავიდა, რომლის სტუმარიც მსახიობი ნატა გულიაშვილი იყო. ნატამ არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მას და შორენა ბეგაშვილს შორის წარმოქმნილმა კონფლიქტმა მიიქცია. წამყვანის კითხვას, ბაძავს თუ არა შორენა ბეგაშვილი მას, ნატა გულიაშვილმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა პერიოდი, როცა ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.
მსახიობი ამბობს, რომ ის და შორენა მეზობლები იყვნენ და ძალიან მეგობრობდნენ, თუმცა მაშინ შორენა ისეთი ლამაზი არ იყო როგორც ახლა და ყოველთვის სურდა ნატას დამსგავსებოდა, რასაც წლების შემდეგ მიაღწია კიდეც. გულიაშვილი ამბობს, რომ ახლა ის და შორენა ბეგაშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, უბრალოდ, „შორენა ცოტა უფრო მასზე გამხდარია“.
ნატა გულიაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში თავად შორენა ბეგაშვილიც გამოეხმაურა. „როდემდე ვითმინო?“ – დაწერა მან ნატა გულიაშვილის ფოტოზე, რომელიც „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა.
ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა შორენას შვილმა ევა ბარბაქაძემაც, რომელმაც ნატა გულიაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ანიმაციური ფილმის გმირს უარყოფით კონტექსტში შეადარა.
„სანამ კიდევ ვინმე მომწერს, თუ როგორ დავცინი ადამიანს და როგორი ბოროტი ვარ, ძალიან გთხოვთ, ჩემ ადგილას დადექით და გაიგეთ, რომ დედაჩემის შეურაცხყოფას არავის გავუტარებ. იმ ადამიანს იმდენი ცუდი რამ აქვს უკვე ნათქვამი, რომ კიდევ ძალიან კეთილი ვარ მხოლოდ ამას რომ ვდებ ხუმრობით და სხვას არაფერს ვაკეთებ“, – დაწერა ევა ბარბაქაძემ.
აღმოჩნდა, რომ ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილზე გადაცემა „შორენას ეფექტში“ მონაწილეობის შემდეგ გაბრაზდა, სადაც სხვა ჩაცმულობაზე და სტილზე იყვნენ შეთანხმებულები და არ მოეწონა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც შორენამ მაყურებელს აჩვენა.