თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ და მონტენეგრომ ოფიციალურად გააფორმეს შეთანხმება აღნიშნულ ქვეყნებში ნებართვის გარეშე მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოში მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დრაგიცა პონორაცმა.
„აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობას როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე მესამე ქვეყნებთან საქართველო უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება.
შეხვედრის დასასრულ მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
აღნიშნული შეთანხმება საქართველოში მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მონტენეგროს პრეზიდენტი თბილისს ხუთშაბათს, 7 ოქტომბერს ეწვია.
გუშინ ჯუკანოვიჩმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, დღეს კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა.
საქართველომ და მონტენეგრომ დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წელს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სფეროში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში.