რუსთავის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დააკავეს

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქცია, სადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი პირი.
პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ციხის შენობაზე დააპირეს გაეკეთებინათ წარწერა „თავისუფლება მიშას“.
სააკაშვილმა 12 კილოგრამი დაიკლო – ადვოკატი
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს წარწერის გაკეთება აუკრძალეს, მაგრამ აქტივისტებმა წარწერის გაკეთება მაინც შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია „ნაცმოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი.
წარწერა „თავისუფლება მიშას“ თბილისსა და ქუთაისში სხვადასხვა შენობის კედლებზე გუშინ, საღამოს გაჩნდა. ხელისუფლება აღნიშნული ადგილებიდან წარწერების მოცილებას დილიდან ცდილობს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში დააკავეს. საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტის, როგორც უკრაინის მოქალაქის ექსტრადიცია არ განიხილება და იგი სასჯელის სრულ ვადას საქართველოში მოიხდის.