თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო–საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს ნატოს სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც წინანდალში გაიმართა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. პლენარული სხდომის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ უშიშროების გარემოზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, შავი ზღვის უშიშროებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პრაქტიკულ ასპექტებზე, თავდაცვის სისტემასა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდეს ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„ნატოსა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა“, – აღნიშნა ადმირალმა ბაუერმა.
შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაში მიღწეული პროგრესი.
საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს მეოთხედ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ადმირალმა ბაუერმა შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ნატო–საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და გაეცნენ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურას და საწვრთნელ სისტემებს.