მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა – ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მერვე დღეა შიმშილობს.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და მიმართვის წერილს საკუთარ facebook-გვერდზე ავრცელებს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთ თავის წერილში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გონების დაკარგვის შემთხვევაში იგი უარს აცხადებს ექიმების დახმარებაზე.

„სხვა საშუალება ჩემ შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია და, იმედია, სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ ხმას. მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას... შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე გააკეთა. ახლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე, შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიბე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება, მალე შეხვედრამდე“, – დაწერა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილმა 12 კილოგრამი დაიკლო – ადვოკატი
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, მას კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.